საგანმანათლებლო ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება .აქ არის განთავსებული ტესტები მუსიკაში, ხელოვნებაში. მოსასმენი მასალა, შემაჯამებელი დავალებების ნიმუშები, დამხმარე მასალები მუსიკის, ხელოვნების პედაგოგებისთვის და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ,კოლეგებს და მუსიკით და ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
Wednesday, May 1, 2019
ეს საინტერესოა! სტუდენტის სახელმძღვანელო,რომელიც გამოიცა 2016 წელს , წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც
შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის
პროგრამის“ ფარგლებში.
მუსიკალურ - პედაგოგიური და ფსიქოლოგიური
ამოცანები
მუსიკალური მასალის სისტემატიზაცია
საზოგადოების მუსიკალური მომზადების დონე ბევრად განსაზღვრავს, თუ როგორ მიმდინარეობს
სკოლაში მუსიკის სწავლება. ბოლო პერიოდში სკოლაში მუსიკალურ აღზრდას განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა. მუსიკის გაკვეთილები სულ უფრო მტკიცედ იკიდებს ფეხს სკოლის ცხოვრებაში.
სკოლაში მუსიკალური აღზრდის მიზანია პიროვნების სულიერი კულტურის ფორმირება, ბავშვებში
მუსიკისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღვივება, მუსიკის განცდის უნარის განვითარება. სკოლამ
ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში მაღალი მუსიკალური მოთხოვნილებების, კულტურისა და გემოვნების
განვითარებას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჰარმონიულ განვითარებაში.
მოზარდი თაობის მუსიკალური აღზრდის საქმეს საქართველოში უძველესი დროიდან ექცევა
ყურადღება. ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში საბავშვო მუსიკას, როგორც
დამოუკიდებელ ჟანრს, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს. მას განვითარების დიდი ხნის ისტორია აქვს.
ბავშვთა მუსიკალური აღზრდის გამოცდილება მოწმობს
იმას, რომ შესაძლებელია კარგი შედეგების მიღწევა, თუ
გამოვიყენებთ სწორ პედაგოგიურ მეთოდებს, რომლებიც
უნდა ეყრდნობოდეს კარგ თეორიულ განათლებას, ბავშვთა
ხმების თავისებურებების ზედმიწევნით ცოდნას,
თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალურ მიდგომასა და
პედაგოგის უნარს - ზუსტად გამოიყენოს რეპერტუარი
ბავშვის სწორი მუსიკალური აღზრდა-განვითარებისთვის. მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს
ბავშვის მუსიკალური გამოვნების ჩამოყალიბებასა და მუზიცირების სურვილის აღძვრაზე, რაშიც მას
ეხმარება მუსიკალური მასალის (რეპერტუარის) სწორად შერჩევა და მისი მხატვრული შესრულება.
რეპერტუარის მოძიება და შერჩევა უნდა მოხდეს მოსწავლეთა ინდივიდუალური და ასაკობრივი
თავისებურების გათვალისწინებით.
სიმღერა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი ბავშვისთვის საყვარელი და სასიამოვნო
ჟანრია. ამიტომ, პატარა ყოველთვის ღიღინებს - თამაშისა თუ სხვა საქმიანობის დროს. სიმღერა დიდ როლს
თამაშობს ბავშვის მუსიკალურ განვითარებაში. ვოკალური აღზრდა საშემსრულებლო ხელოვნებაა,
რომელიც ხელს უწყობს მოსმენის კულტურის ფორმირებას, ყურადღებისა და სმენითი მეხსიერების
აღზრდას, სმენისა და ხმის კოორდინაციის განვითარებას. როგორც ცნობილია, ადამიანის ხმა ბუნებრივი
საკრავია. სიმღერის შესწავლისას დაცული უნდა იყოს ბავშვის ხმის ასაკობრივი დიაპაზონი (დიაპაზონი
არის ხმის მოცულობა ადამიანის ყველაზე დაბალიდან ყველაზე მაღალ ბგერამდე, რომლის ფარგლებშიც
ხმა თავისუფლად, ბუნებრივად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ჟღერს). სიმღერის სწავლების
პარალელურად დიდ ადგილს ვუთმობთ მუსიკალური საქმიანობის სხვა სახეებსაც და უნდა ვეცადოთ მათ
ერთმანეთთან დაკავშირებას, გავაერთიანებთ თემატურად მუსიკის მოსასმენ და სასიმღერო მასალას.
მაგალითად, რ. სებისკვერაძის სიმღერა „წვიმაა“ შესწავლის შემდეგ ბავშვებს მოვასმენინოთ ახალი,
მათთვის უცნობი, იმავე თემატიკის მაიკაპარის საფორტეპიანო პიესა - „წვიმა“ ( ს. ნასიძის საფორტეპიანო
პიესა „წვიმა“ ან ნებისმიერი კომპოზიტორის იმავე თემატიკის ნაწარმოები). მუსიკალურ–რიტმული აღზრდის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მუსიკალური
მასალის (რეპერტუარის) მოძიებას და სწორად შერჩევას. ყველა პიესა არ გამოდგება მოძრაობაზე
მუშაობისთვის. უნდა შეირჩეს ისეთი ნაწარმოები, რომელსაც აქვს ნათელი ფორმა და ბავშვის
გონებისათვის არის მისაწვდომი. მუსიკალურ პიესასა ან ნაწყვეტში ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი
მუსიკალური გამომსახველობის ის საშუალება, რომელზეც პედაგოგმა ბავშვის ყურადღება უნდა
გაამახვილოს (ტემპის ცვალებადობა, დინამიკური კონტრასტები). ამავე დროს ყურადღებას ვამახვილებთ
ცალკეული მუსიკალური გამომსახველობის საშუალებებზე, რომლებიც დომინირებს კონკრეტულ
ნაწარმოებში.
საკრავიერი მუსიკის შინაარსი, რომელიც შექმნილია კონკრეტულ თემაზე (სიუჟეტზე), მოცემულია
სპეციალურ სიტყვიერ განმარტებასა (პროგრამაში) ან
ნაწარმოების სათაურში. პროგრამული ნაწარმოები აღრმავებს
მოზარდის ემოციურ სამყაროს და ინტელექტუალურ
შესაძლებლობებს. პროგრამულობა მსმენელს ეხმარება
შინაარსის გაგებაში, შემსრულებელს კი - ავტორის ჩანაფიქრის
სწორად გადმოცემაში.
საბავშვო ბაღისა და უმცროსი სასკოლო ასაკის
ბავშვებისთვის განკუთვნილი მუსიკალური მასალა, მოსასმენი
და შესასწავლი რეპერტუარი ძირითადად შეადგენს ისეთ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებსაც
გარკვეული ტექსტი გააჩნია, რაც ნაკლებად უწყობს ხელს ბავშვებში მხატვრული შინაარსის აღქმისა და
ნაწარმოებისადმი შეფასებითი დამოკიდებულების გამომუშავებას. ამიტომ, გაკვეთილზე მხოლოდ
სასიმღერო რეპერტუარით შემოფარგვლა დაუშვებელია. უმცროსი ასაკიდანვე მოზარდი უნდა გაეცნოს
მუსიკის რთულ და მრავალფეროვან ენას, საჭიროა გაკვეთილზე გარკვეული როლი დაეთმოს არა მხოლოდ
ნაწარმოების სიტყვიერი ტექსტის შინაარსს, არამედ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს
მუსიკალურ მასალაზე, მისი მხატვრული შინაარსის აღქმასა და შეფასებაზე. პატარებმა უტექსტო მუსიკის
მოსმენით, ემოციური განცდის გზით, უნდა შეძლონ ნაწარმოების მხატვრული შინაარსის წვდომა. სწორედ
ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება სწორად მოძიებული და ასაკობრივად ზუსტად შერჩეული
რეპერტუარი, რომელმაც უნდა გამოუმუშაოს მოსწავლეს დადებითი განწყობა მუსიკის მიმართ. ბავშვმა
უნდა ისწავლოს მუსიკის განცდა და გაგება. მუსიკა უნდა გახდეს მისთვის ბუნებრივი და გასაგები. ამიტომ,
ყოველი გაკვეთილი უნდა იყოს დატვირთული ისეთი მუსიკალური მასალით, რომელიც ბავშვებში იწვევს
სასიამოვნო ემოციებს, აძლევს თვითგამოხატვის შესაძლებლობას, რაც სასწავლო პროცესის წარმატების
პირობაა. მუსიკალური მასალის მოძიება ხელმისაწვდომია სკოლის ბიბლიოთეკებში, სპეციალურ სამუსიკო
სკოლებში, ინტერნეტით...
გაკვეთილისთვის მოძიებული და შერჩეული მუსიკალური მასალა
უნდა გამოირჩეოდეს ლაკონიურობით, დინამიკურობით, მკვეთრი
რიტმით, გამოხატავდეს მოზარდის ბუნებას, აზროვნებას, ოცნებებს,
ბავშვურ მიამიტობას, უშუალობას... თითოეული პიესა დაწერილი უნდა
იყოს ბავშვისთვის გასაგები მუსიკალური ენით. ამ თვისებების
წყალობით, პიესები ადვილად მისაწვდომია ბავშვისთვის და ხელს
უწყობს მოზარდებში მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას.
სწორად მოძიებული და ასაკობრივად ზუსტად შერჩეული
მაღალმხატვრული მუსიკალური მასალის გაცნობით შევძლებთ საინტერესოდ და ბუნებრივად შევიყვანოთ პატარები მუსიკის რთულ და მიმზიდველ სამყაროში,
ვაზიაროთ ისინი ამ უმშვენიერეს დარგს.
No comments:
Post a Comment