Monday, May 6, 2019


ფსიქოლოგთა მოსაზრებები....



სტუდენტის სახელმძღვანელო,რომელიც გამოიცა 2016 წელს , წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. 



მუსიკის აღქმის ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები 


ცნობილია, რომ ადამიანი სათანადოდ რეაგირებს გამღიზიანებელზე. მუსიკას ადამიანის ემოციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მასში ყოველი კონკრეტული ვითარების შესაბამისი ემოცია ჩნდება, რაც წარმოადგენს სინამდვილის ემოციურ ახსნა-შეფასებას. შეფასების მომენტის გარეშე შეუძლებელია ხელოვნების ნაწარმოების აღქმაზე მსჯელობა. ბუნებასა და ხელოვნებაში მშვენიერის დანახვა და შეფასება არის მხოლოდ ადამიანის გარკვეული უნარი. ამ უნარის მქონე ადამიანი გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური გემოვნებით. მას შეუძლია ეს უნარი ხელოვნების ერთი დარგიდან მეორეში „გადაიტანოს“, რაც სუბიექტში ესთეტიკური გემოვნების განვითარების საფუძველია.
ამერიკელი ფსიქოლოგის ვალენტაინის კვლევის თანახმად, ბავშვები ერთიდან ცხრა წლამდე, ასახელებენ სურათზე გამოსახულ საგნებს. ფსიქოლოგი თვლის, რომ ბავშვებს გამოსახული საგნები მოსწონთ საგნობრივ- შინაარსობრივი ინტერესის გამო. გერმანელი ფსიქოლოგები რ. ჰეკელი და რ. შაალი ასაბუთებენ, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეთა თვალსაზრისი სურათის ესთეტიკურად შეფასებისას ემთხვევა მოზრდილის ესთეტიკურ შეფასებას. ავსტრიელი მეცნიერის ა. კორპეტ-ტიპელის კვლევა ადასტურებს, რომ 3-4 წლის ბავშვს გააჩნია არა მხოლოდ საგნობრივ-შინაარსობრივი ინტერესი, არამედ სურათის პრიმიტიულად ესთეტიკური შეფასების უნარი. ამიტომ, ავტორის აზრით, სკოლამდელი ასაკიდანვე ყურადღება უნდა იქნას მიქცეული მხატვრული გემოვნების განვითარებაზე. ესთეტიკური გემოვნება თავისი შინაარსით მუსიკალურს უახლოვდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუსიკალური აღქმა და შეფასება მსმენელისგან გარკვეულ ემოციურ შეფასებით დამოკიდებულებას მოითხოვს. ქართველი ფსიქოლოგისგ. კეჩხუაშვილის კვლევები ცხადყოფს, რომ 7-8 წლის ასაკის ბავშვის მიერ
მუსიკის შინაარსის განცდაში სენსო-მოტორული განვითრებაა წამყვანი. მუსიკალური ნაწარმოების დახასიათება-შეფასების დროს ამ ასაკის ბავშვი მუსიკალურ ბგერათა
ინტენსივობასა და ტემპზე ამახვილებს ყურადღებას. ამ ასაკში ბავშვი ნაწარმოების ცალკეულ ნაწილებს აღიქვამს. მას არ აქვს მოვლენის მთლიანი აღქმის უნარი. მოსწავლემ მუსიკალური ნაწარმოები უნდა შეაფასოს მოსმენილით მიღებული შთაბეჭდილებით. მხოლოდ სისტემატური და გარკვეული მუშაობის შემდეგ შეუძლია ბავშვს გადმოსცეს ის, რასაც განიცდის. თეორიული ცოდნა ეხმარება ბავშვს ნაწარმოების შინაარსის, ხასიათის, ფორმის, ჟანრის გაგებაში. ამ ამოცანის გადაჭრაში მათ დაეხმარებათ უტექსტო ნაწარმოების სისტემატური მოსმენა. ეს კი ხელს უწყობს ემოციური განცდის გზით ნაწარმოების მხატვრული შინაარსის წვდომას, მუსიკის მთლიანობაში აღქმას და მუსიკალური გემოვნების განვითარებას.

 მუსიკალური ნაწარმოების აღქმისა და მხატვრული შინაარსის გაგების გამარტივების მიზნით, მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბავშვს, რომ ის დაინტერესდეს მუსიკალური მასალით. მოსასმენი მასალის დამახასიათებელ ეპიზოდებზე ყურადღების აქცენტირება ეხმარება მოსწავლეს, რომ დაამყაროს გარკვეული კონტაქტი ნაწარმოებთან. დროის სიმცირის გამო მასწავლებელი მოკლედ და მკაფიოდ ამბობს სათქმელს მნიშვნელოვან ეპიზოდებზე,, რათა არ გამოიწვიოს მოსწავლეთა გადაღლილობა და ამით ხელი შეუწყოს ნაწარმოების ყურადღებით მოსმენას. ქართულ მუსიკასთან ერთად ბავშვებს ვაცნობთ უცხოურ კლასიკურ მუსიკალურ რეპერტუარს. მაგალითად, წელიწადის დროების გაცნობასთან დაკავშირებით, შესანიშნავი ნიმუშია ჩაიკოვსკის პიესა „ტოროლას სიმღერა“ ციკლიდან „წელიწადის დრონი“ (მარტის თვე). საუბრისას გავაცნობთ პ. ჩაიკოვსკის ბიოგრაფიულ მონაცემებს (1840-1893). აღვნიშნავთ, რომ მან დიდი მემკვიდრეობითი შემოქმედება დაუტოვა მთელ მსოფლიოს (და არა მხოლოდ რუსეთს): ბალეტები „გედების ტბა“, „მაკნატუნა“; ოპერები: „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „მაზეპა“; სიმფონიები, საფორტეპიანო ნაწრმოებები, რომანსები და ბევრი სხვა.
https://www.youtube.com/watch?v=_P65WNm48p0


კომპოზიტორის ბიოგრაფიის გაცნობა გაზრდის ამ ნაწარმოებისადმი ინტერესს. „ტოროლას სიმღერის“ მოსმენის შემდეგ შევეცადოთ ბავშვებმა თვითონ ისაუბრონ ნაწარმოების ხასიათზე, მის მხატვრულ მხარეზე, გაგვიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილება... ჩაიკოვსკის პიესა თავისი შინაარსით შეიძლება დავუკავშიროთ უკვე შესწავლილ ნ. გაბუნიას სიმღერას - „აქარგული - ჩაქარგული“, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ, მიუხედავად გამოცოცხლებული ბუნებისა, გადმოცემულია სევდა, შეიგრძნობა გაუბედავი იმედები. მინორული კილო პიესას ელეგიურ ხასიათს ანიჭებს. (ჩაიკოვსკის აღნიშნული ნაწარმოები შეიძლება დავუკავშიროთ სხვა რომელიმე, უკვე ნასწავლ სიმღერას, რომელიც გამოირჩევა იმავე თემატიკით). ინტერესი და სიყვარული მუსიკისადმი სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ამიტომ, ის ცდილობს მრავალგზის მიიღოს ამგვარი განცდა. რეპერტუარის არჩევანი მიუთითებს ბავშვის მუსიკალურ გემოვნებაზე, დამოკიდებულებაზე მუსიკის მიმართ. სისტემატური მუშაობა გამოუმუშავებს პატარებს შეფასებით კრიტერიუმებს. მუსიკის მოსმენა მოსწავლეს საშუალებას აძლევს გაეცნოს ჟანრულ მრავალფეროვნებას რეპერტუარი აუცილებლად შერჩეული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და მათი ასაკის გათვალისწინებით. ნაწარმოების აღქმა და მასზე მსჯელობა რთული ამოცანაა. მასწავლებელმა უნდა დააინტერესოს ბავშვები მოსასმენი მასალით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსწავლეები თავად შეძლებენ ნაწარმოებზე მსჯელობას და მის სწორ შეფასებას.













გისურვებთ წარმატებას!


No comments:

Post a Comment