Monday, May 6, 2019

მეთოდიკა ...



მოსწავლის მუსიკალური მონაცემების შემოწმება და განვითარება


სტუდენტის სახელმძღვანელო,რომელიც გამოიცა 2016 წელს , წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურს, რომელიც შემუშავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. 



მოსწავლის მუსიკალური მონაცემების დადგენა მხოლოდ ერთი შემოწმებით შეუძლებელია. ვფიქრობთ, სასურველი იქნება, შემოწმება მოხდეს წელიწადში ორჯერ ან სამჯერ. სასწავლო წლის დასწყისში განვსაზღვრავთ, როგორია ბავშვის მუსიკალური მონაცემები ამ ეტაპზე, დავსახავთ მონაცემთა განვითარების გეგმას და შევიმუშავებთ საჭირო მეთოდებს; სასწავლო წლის შუაში დავადგენთ, როგორ განვითარდა ბავშვის მონაცემები ამ დროისთვის და რა დამატებითი სამუშაოებია ამ მხრივ ჩასატარებელი, მესამე შემოწმებისას, სასწავლო წლის ბოლოს, დავადგენთ - მივიღეთ თუ არა შედეგი, რომელიც მიზნად გვქონდა დასახული. მონაცემების შემოწმებისას, ბავშვი თვლის, რომ მას გამოცდა უტარდება, ამიტომ იწყებს ნერვიულობას. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ მან თავისი მონაცემები სრულყოფილად ვერ წარმოაჩინოს. შემდგომში, მეცადინეობების პროცესში, თანდათან იწყებს მუსიკალური მონაცემების გამოვლენას. შემოწმებისას, ალბათ, ყურადსაღებია რიტმისა და ბავშვის გონიერების გამოვლენა, რადგან ზოგჯერ მუსიკალური სმენა „ფარულ მდგომარეობაშია“ და მეცადინეობების შემდეგ თანდათან იჩენს თავს.
 წყობით-მელოდიური სმენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სანოტო ანბანის ცოდნა. მხედველობითი აღქმა სმენითი აღქმის ერთგვარ მყარ საყრდენს წარმოადგენს, რაც იძლევა საშუალებას, ვაკონტროლოთ საჭირო ბგერების მუსიკალური სიმაღლე. ნოტების მხედველობითი აღქმა მელოდიის სმენით წარმოდგენას იწვევს და მისი აღქმის საფუძველს წარმოადგენს. მუსიკის სწავლებისას ბავშვს ეუფლება კილოს შესატყვისი განწყობა, რომელიც განსაზღვრავს მის მიერ მუსიკალური სიმაღლის სწორ აღქმასაც და რეპროდუქციასაც. შეუძლებელია ნოტების კითხვით ამა თუ იმ ბგერის ხმით სწორად აღება, თუ შინაგანი სმენით არ გვაქვს წარმოდგენილი წინამორბედ ტონებთან ბგერის მიმართება. შინაგანი სმენის  განვითარების შესანიშნავი მეთოდია დაფაზე დაწერილი მელოდია დაიმახსოვრონ მოსწავლეებმა და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, ზეპირად შეასრულონ იგი. ასევე შედეგიანი მეთოდია დაფაზე დაწერილი მელოდიის მერყევ ბგერაზე გაჩერება, მოსწავლის მიერ ამ მელოდიის დაბოლოება და სხვ. სმენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამების გამღერება და ინტერვალების სიმღერა როგორც აკომპანემენტის თანხლებით, ასევე, „ა კაპელა“ შესრულებით. სიმღერისას დროდადრო ვაკონტროლებთ ბგერის სიმაღლეს, ანუ სმენას. სმენის განვითარებას ხელს უწყობს ნაცნობი მელოდიის ან შესწავლილი სიმღერის სხვადასხვა ბგერიდან აწყობა, მრავალხმიანი სიმღერების შესრულება, მელოდიისთვის მეორე ხმის შეწყობა ხმით და მუსიკალურ საკრავზე ბავშვმა უნდა შეძლოს მელოდიის მიმართულების, ბგერის სიმაღლის, რიტმის აღქმა. ინსტრუმენტზე მელოდიის აწყობისას ბავშვს უვითარდება მუსიკალური სმენა, რიტმი, ამ დროს ბავშვებს უმტკიცდებათ ნებისყოფა და წარმოსახვის უნარი. სმენის განვითარებას ხელს უწყობს, აგრეთვე, სიმღერის ერთი ფრაზის ხმამაღლა შესრულება, მომდევნო ფრაზა კი გულში, უხმოდ შესრულდეს. ინსტრუმენტი, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებთ, აუცილებლად უნდა იყოს აწყობილი. მუსიკალური სმენის განვითარებას ხელს უწყობს სასწავლო ცხრილში მუსიკის გაკვეთილის კვირაში ორჯერ, სასურველია სამჯერ ჩატარება. უმცროსი ასაკის ბავშვების სასიმღერო დიაპაზონი მცირეა, ის ორ-სამ ბგერას მოიცავს. ამიტომ, მასწავლებელს ხშირად უწევს სიმღერის ტრანსპონირება სასურველ ტონალობაში. სისტემატური მუშაობისა და ბავშვის ფიზიკური განვითარების შედეგად მისი სახმო დიაპაზონის საზღვრები იზრდება, ფართოვდება და ხმის ჟღერადობა უფრო სავსე ხდება. ვოკალური სავარჯიშოების გამოყენება ხელს უწყობს სახმო დიაპაზონის განვითარებას. ამისათვის მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის სახმო აპარატის აგებულება, ხმის ასაკობრივი თავისებურებები და სიმღერაში მონაწილე ორგანოთა როლი. 
მუსიკალური რიტმის აღზრდა მასწავლებლის მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. რიტმის გრძნობას, როგორც მიუთითებენ, მოტორული ბუნება აქვს. რიტმის გრძნობის განვითარებისას მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი - სმენის დახმარებით მართოს თავისი სხეულის კუნთური ტონუსი. რიტმის გრძნობის აღზრდისას შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმღერებისა და ინსტრუმენტული პიესების მარტივი ინსცენირება. მუსიკალური მონაცემების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდური სიმღერა, რომელიც ახლისებს და საინტერესოს ხდის გაკვეთილს. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ბავშვებში ანსამბლურობის, სწორი სასიმღერო სუნთქვის, დიქციის გამომუშავებას, სმენითი ყურადღების აღზრდას, მუსიკალური სმენის განვითარებას. 
 „მასალა, რომელიც მეხსიერების მიერ შეინახება და შემდეგ ცნობიერებაში კვლავ აღდგება, აუცილებლობით მოითხოვს აღქმას; კვლავ აღდგენილი შინაარსი უნდა განცდილ იქნას, როგორც ნაცნობი. ცნობის ფაქტში მდგომარეობს მეხსიერების არსი.“
ცნობიერებაში აღდგენილი მასალა არ განიცდება, როგორც პირველადი აღქმა. მასალის დამახსოვრების პროცესში არის ინდივიდუალური განსხვავებულობანი. არიან ინდივიდები, რომლებსაც აქვთ მხედველობითი მეხსიერება (ოპტიკური, ნოტების კითხვით), ზოგს კი, მოტორული (ინსტრუმენტზე შესრულებით) და აკუსტიკური (ნაწარმოების მოსმენით) მეხსიერება. არსებობს სპეციალური მეხსიერება: მელოდიის, მუსიკალური ნაწარმოების, ტონების... არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად ხანგრძლივი მეცადინეობისა და დიდი ენერგიის დახარჯვისა, უჭირთ ნაწარმოების ზეპირად დასწავლა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, აკუსტიკური კომპონენტები ვერ უკავშირდება მოტორულ კომპონენტებს. ამ შემთხვევაში ნაწარმოების დასწავლა უნდა მოხდეს კითხვით, ინსტრუმენტის გარეშე, რაც დიდ ნებისყოფას, დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა შედეგი წარმატებულია. ეს მეთოდი, ამავე დროს, ხელს უწყობს შინაგანი სმენის განვითარებას.






https://www.youtube.com/watch?v=UD0JGhSLvnk

გისურვებთ ბედნიერ მომავალს და წარმატებებს!

No comments:

Post a Comment